ქონების გადასახადის ჩამოწერა და ჩამოკლება იქნება ერთგვარი კარგი ბერკეტი კერძო სექტორისთვის, აცხადებს “დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელი ნინო კეკელიძე. კეკელიძის თქმით, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლებიც ტურიზმში ოპერირებენ, “რათა მაქსიმალურად მოახდინონ პანდემიის შემდეგ უკვე ეფექტური თვლა და ხარჯების მინიმიზაცია“.
“ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო საკმაოდ გონივრული და დროული, რომელიც ახლოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში წესით დადებითად უნდა აისახოს კერძო სექტორის განვითარებაზე”, აცხადებს კეკელიძე.
“დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ იგივე შეღავათი, რომელიც ტურისტულმა ბიზნესმა 2020 წლის ქონების გადასახადზეც მიიღო, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო დადებით შედეგებს მოიტანს.
“2021 წელი რადგან იყო აღდგენითი პერიოდი მაინც იყო გარდამავალი სექტორისთვის. რა თქმა უნდა აისახა დადებითად, თუმცა ვფიქრობ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უფრო დადებით და უკეთეს შედეგებს გამოიღებს”, ამბობს ნინო კეკელიძე.
მისი აზრით, დღევანდელი გადმოსახედიდან ტურიზმის განვითარების სცენარი საკმაოდ ბუნდოვანია.
“ახლოვადიან, ზაფხულის პერსპექტივის ჯავშნებს თამამად ვერ ვკიდებთ ხელს, იქედან გამომდინარე რომ პარტნიორებიც, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან, არიან დაბნეულები. ვერ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებებს და ვერ დგამენ შემაჯამებელ ნაბიჯებს პარტნიორულ ურთიერთობებში, რადგან აქ საუბარია საავიაციო ნაწილზე, საუბარია სხვადასხვა ქვეყნებს შორის გართულებებზე. ზოგადად ფონი ჩვენს რეგიონზე ახდენს გავლენას. ამიტომ რეგიონში თუ საომარი მდგომარეობა დასტაბილურდება ეს დადებითად აისახება სექტორზე”, განაცხადა “დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელმა.