„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან  მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ძალიან წარმომადგენლობითი იყო და განხილული იყო დარგის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. „ჩვენ კრიზისის პირველივე დღიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა სახის შეღავათითა და პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ეს დღეს აღარ არის საკმარისი. ტურისტულ ინდუსტრიას დღეს სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ტურიზმის სექტორი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. „დღეს ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც,” – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას.