თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ცდილობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების ქსელი გააფართოოს, მათ შორის კანადის და აფრიკის კონტინენტის მიმართულებით, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა გააკეთა.  

“წლის დასაწყისიდან ავიაკომპანიის მომსახურებით თითქმის 25 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 35-40 მილიონ ადამიანს მიაღწევს“, – განუცხადა ეკშიმა თურქულ სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ავიაკომპანიის მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშის კომენტირებისას. 

ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გაიხსენა, რომ Turkish Airlines-ი იტალიის სახელმწიფო ჯილდო – იტალიის ვარსკვლავის ორდენით  დაჯილდოვდა.

“იტალიას პანდემიის დროს უჭირდა. ავიაკომპანია მას არა მხოლოდ მედიკამენტების მიწოდებით ეხმარებოდა, არამედ თურქეთიდან იტალიაში მგზავრები გადაჰყავდა. მადლიერების ნიშნად კი იტალიურმა მხარემ გადაწყვიტა Turkish Airlines-ის დაჯილდოება“, – განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

ეკშიმ აღნიშნა, რომ მან ორდენი ავიაკომპანიის 60 ათასი თანამშრომლის სახელით მიიღო.

“ეს ორდენი იმავდროულად არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა თურქ ხალხს“, – აღნიშნა Turkish Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა,

მისი თქმით, 2020 წელს პანდემიის უარყოფითი შედეგების გამო, Turkish Airlines-ი სხვა ავიაკომპანიების მსგავსად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. თუმცა, თურქულმა ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა წელი ყველაზე დაბალი ზარალით დახურა და “კოლეგებს” შორის საუკეთესო საოპერაციო მაჩვენებელს მიაღწია.

“2021 წელს მინუსიდან პლიუსზე გადავედით. ავიაკომპანიის მოგებამ თითქმის 800 მილიონი დოლარი შეადგინა. თუ ყველაფერი ჩვენი მოლოდინების მიხედვით წარიმართება, ფისკალურ წელს დავასრულებთ მოგებით. ეს Turkish Airlines-ის სწრაფი აღდგენის მანიშნებელია“, – აღნიშნა ეკშიმ.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი Turkish Airlines-ი ფრენების ყოველდღიური სტატისტიკით ევროპაში ლიდერი იყო.

“ავიაკომპანიის თანამშრომლების თავდადების წყალობით, მიუხედავად პანდემიის ყველა სირთულისა, Turkish Airlines-მა შეძლო სწრაფი აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ 2022 წელი აღდგენის უფრო სწრაფ საშუალებას მოგვცემს, რათა პანდემიის შედეგები დავძლიოთ“, – აღნიშნა ავიაკომპანიის მენეჯერმა.