ვიდრე უკრაინის ცა სამგზავრო ავიარეისებისთვის დაკეტილია უკრაინულმა ავიაკომპანიებმა კიშინეუს აეროპორტში ჰაბი შექმნეს და მოლდოვის ავიაკომპანიების დაკვეთით ახორციელებენ ფრენებს
როგორც avianews-მა გაარკვია, მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტში ბაზირებულია უკრაინული ავიაკომპანიების SkyUp-ისა და Windrose-ის ხუთი სამგზავრო თვითმფრინავი.
Windrose-მა თავისი ორი თვითმფრინავი კიშინეუა აეროპორტში განათავსა, საუბარია ავიაკომპანიის Boeing 737-800-ზე სარეგისტრაციო ნომრით UR-PSF და Boeing 737-900ER-ზე, რომლის სარეგისტრაციო ნომერიცაა UR-PSI. ისინი მოლდოვის ავიაკომპანია Flyone-ის მგზავრებს ემსახურებიან.
SkyUp-მა რვა თვითმფრინავიდან სამი  მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტში განათავსა. ამჟამად კიშინიეუში ბაზირებულია სამი Boeing 737-800 სარეგისტრაციო ნომრებით: UR-SQB, UR-SQC, UR-SQF. ეს თვითმფრინავები ახორციელებენ ფრენებს ავიაკომპანიების Flyone და HiSky-ის სახელით.
კიდევ ერთი Boeing 737-800, რომელიც მალტაში დაფუძნებული SkyUp MT-ის მფლობელობაშია ამ დროისათვის კიშინეუშია რეგისტრირებული და აღნიშნული ხომალდით​ Flyone-ის მგზავრების მომსახურება ხდება.
ყველა უკრაინული ავიაკომპანია  მოლდოვაში მოქმედებს სველი ლიზინგის პირობებში. ეს არის თვითმფრინავის დაქირავების სახეობა, რომლის დროსაც ავიაკომპანია მომხმარებელს ეკიპაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად აწვდის თვითმფრინავს, რისთვისაც იგი იღებს ფიქსირებულ საფასურს. ამასთან, ბილეთების გაყიდვის კომერციული რისკები ეკისრება ფრენების დამკვეთს.
ამ ტიპის იჯარა, უკრაინაში ფრენების აკრძალვის კონტექსტში, საშუალებას აძლევს უკრაინულ ავიაკომპანიებს გააგრძელონ საქმიანობა და შეინარჩუნონ ფრენის პერსონალის კვალიფიკაცია. მომავალში, მათ შეუძლიათ სწრაფად განაახლონ ფრენები უკრაინაში, როდესაც ეს უსაფრთხოდ ჩაითვლება.