ბრიტანელმა არქიტექტორებმა ვარშავის ახალი აეროპორტის Centralny Port Komunikacyjny კონცეპტი წარმოადგინეს, რომელიც პოლონეთში ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება. პროექტზე Foster + Partners-სა და Buro Happold-ის კონსორციუმი მუშაობდა, რომელმაც ტენდერი 2022 წელს მოიგო.

პროექტი ითვალისწინებს, რომ აეროპორტი 2028 წელს, ვარშავიდან 40 კმ-ში გაიხსნება. ახალი აეროპორტი ჩაანაცვლებს ვარშავაში არსებულ შოპენის აეროპორტს, რომელიც ქალაქის ნაწილში მდებარეობს და შეზღუდულია გაფართოებისთვის შესაბამისი სივრცის ნაკლებობით.

უკვე პირველ ეტაპზე Centralny Port Komunikacyjny წელიწადში 40 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. ამისთვის აეროპორტი მიიღებს ორ პარალელურ ასაფრენ/დასაფრენ ბილიკს, რომლის სიგრძეც 3800 მეტრი იქნება.

ახალი აეროპორტის შერჩეული ადგილმდებარეობა საშუალებას მისცემს Centralny Port Komunikacyjny-ს შემდგომში კიდევ გაფართოვდეს. განვითარების საბაზისო სცენარის მიხედვით, 2035 წლისთვის მისი ტრაფიკი 40 მილიონ მგზავრს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროისთვის ინფრასტრუქტურის გაფართოება იქნება საჭირო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მონაწილეობით, შექმნის გიგანტურ ბიზნეს შესაძლებლობებს, მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს და გააძლიერებს ეკონომიკას არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ მარსინ ჰორალამ, რომელიც წარმოადგენს მთავრობას Centralny Port Komunikacyjny-ს პროექტში.

Centralny Port Komunikacyjny-ს 400 000 კვ/მ მეგატერმინალი ექნება, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვარშავას ამჟამინდელი აეროპორტის ტერმინალის ფართობზე.

Foster + Partners სტუდიის ხელმძღვანელი Grant Brooker ამბობს, რომ მისი მისიაა ახალი ტერმინალი გახდეს ხელმისაწვდომი და გასაგები მგზავრებისთვის მოგზაურობის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. არქიტექტორებმა ეს ისე გააკეთეს, რომ მგზავრები სართულიდან სართულზე რაც შეიძლება ნაკლებად გადაადგილდნენ და ადვილად შეძლონ ნავიგაცია შენობაში.

შენობის მთავარი წერტილი იქნება დიდი თაღოვანი სახურავი, რომელიც შეავსებს შენობას მზის შუქით და მიიყვანს მგზავრებს გეიტთან. გამოქვეყნებულ კონფეპტში ასევე თვალშისაცემია ბევრი სიმწვანე.

Centralny Port Komunikacyjny-ს კონცეპტუალური პროექტი ითვალისწინებს, რომ აეროპორტის მთავარი ტერმინალის შენობას ოთხი პირსი ექნება – საიდანაც მგზავრები საჰაერო ხომალდებში შეძლებენ ჩასხდომას.

ტერმინალი უზრუნველყოფს სატრანსფერო ზონას რეისიდან რეისამდე გადასასვლელად. პროექტის მიხედვით, ახალი აეროპორტის გაშვების პირველ ეტაპზე ჩამოსული მგზავრების 40% განახორციელებს გადაჯდომას და გაფრინდება მომდევნო რეისით. მომავალში ასეთი მგზავრების წილი შესაძლოა 45-50%-მდე გაიზარდოს.