დღევანდელი გადმოსახედიდან, ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში დაგვჭირდება, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკურმა გუნდმა მოლაპარაკებების შედეგად საკმაოდ დიდი დახმარება მოიზიდა უცხოელი პარტნიორებისგან და ამ დახმარების მიმღები აღმასრულებელი ხელისუფლებაა, ხოლო ხარჯვისას ის უცხოური დახმარება, რომელიც უცხოურ ვალუტაშია, ეროვნული ბანკის რეზერვებში აისახება ანუ ყალიბდება კერძო სექტორის უარყოფითი საგარეო სალდო, როდესაც სახელმწიფო სალდო დადებითია და ზუსტად ამ დროს ხდება, რომ სებ-ის მანდატის ფარგლებში, რაც ფასების სტაბილურობაა, სავალუტო ბაზრისთვის ვაწარმოებთ ლიკვიდობის მიწოდებას.

“გარდა აუქციონებისა, ჩვენ ავამოქმედეთ სავალუტო ბაზრისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიწოდების წესებზე დაფუძნებული მექანიზმი და ამასაც აქტიურად ვიყენებდით გარკვეული პერიოდი. ეს წესი დაფუძნებულია პრინციპზე, რომლის მიხედვით, როდესაც ყოველდღიური ლიკვიდობა გარკვეულ ნიშნულს აღემატება, მაშინ ხდება Bloomberg-ის პლატფორმა Bmatch-ის საშუალებით ვალუტის ბაზრისთვის მიწოდება.

2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 886 მლნ დოლარი მიაწოდა ბაზარს და გადაწყვეტილების მიღება ხდება ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაბამისად. დარჩენილ პერიოდში გავაგრძელებთ ინტერვენციებს იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაც იქნება ბაზარზე.

რაც შეეხება 2021 წელს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში დაგვჭირდება, თუმცა დღევანდელ პირბებში – გლობალური რეცესიის დროს, მაშინ როდესაც ბევრი რამ ხდება, ისინი ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და პროგნოზების გაკეთება რთულია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ინტერვენციების მიზანი და აღნიშნა, რომ ინტერვენციებით ეროვნული ვალუტის კურსის კონკრეტულ მაჩვენებელზე შენარჩუნებისთვის არ ხორციელდება.

„კურსი უნდა წავიდეს იმ მიმართულებით, რასაც ეკონომიკა განსაზღვრავს. ინტერვენციების მიზანი ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდების უზრუნველყოფაა, მაშინ როდესაც ბაზარმა დანაკლისი განიცადა, მხოლოდ ტურიზმი რომ დავასახელოთ, აქედან ძალინ დიდი დანაკლისია წელს და ეს ხდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბაზრის გაუმართავი ქცევა“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ამ ინტერვენციების გაკეთება სებ-ის მიერ წინა წლებში რეზერვების შევსების გარეშე ვერ მოხდებოდა.

სებ-ის პრეზიდენტი საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომელიც მარეგულირებლის მიერ მთავრობის მიერ მოზიდული რესურსების გაყიდვას შეეხებოდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რეზერვების დონის შენარჩუნება.

„გამიგია ფრაზა, რომ ეროვნული ბანკი ჯერ თავის რეზერვებს არ ყიდის და მთავრობის მიერ მოზიდულ რეზერვს ყიდის, რაც, ასევე, არასწორია. ამ შემთხვევაში რეზერვი არის რეზერვი და არ არის დიდი განსხვავება თუ ამ რეზერვებზე ვისაუბრებთ.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები და ჩვენ 2019 წლის ბოლოს მივაღწიეთ რეზერვების ადეკვატური ნიშნულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს და რადგანაც ჩვენ ორინეტირებული ვართ გრძელ და საშუალოვადიან პერიოდზე, მნიშვნელოვანია პანდემიის შემდეგ როგორ გაგრძელდება ეკონომიკა, ამიტომ ამ ინტერვენციების მიუხედვად, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების დონე იყოს ადეკვატური, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებოდა დღეს ამ ინტერვენციების გაკეთება ადეკვატურობის ძალიან შემცირების გარეშე“, – განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.