ტაილანდური ავიაკომპანია „Thai AirAsia X“-ი ბანკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ტაილანდთან პირდაპირი ფრენების განახლება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე ტურიზმის სექტორებში.

„ჩვენი პოლიტიკა მიმართულია საქართველოში მეტი საერთაშორისო ავიაკომპანიის მოზიდვისკენ. სამხრეთ – აღმოსავლეთ აზია ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ამდენად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიყვანოთ ავიაკომპანიები ამ და აზიის სხვა რეგიონებიდან. ეს ხელს შეუწყობს აზიის ქვეყნებიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოგზაურობას. ამით ვაგრძელებთ ჩვენი ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი რეისები ბანგკოკი – თბილისი – ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, საწყის ეტაპზე, 8 – 29 ოქტომბერს კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება. ფრენები ასევე ზამთარშიც გაგრძელდება.