Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია დაიწყო. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას Uzbekistan Airways-დან 16 ივლისიდან შეუდგება და რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.

თბილისი-ტაშკენტის პირდაპირი ავიარეისის ბილეთის ფასი 232 დოლარიდან იწყება. ორმხრივი ავიაბილეთის  ღირებულება კი 395 დოლარიდან.

ტაშკენტი-თბილისის რეისზე ფრენის ხანგრძლივობა 3.40 საათს შეადგენს, ხოლო თბილისი-ტაშკენტის მიმართულებაზე – 3.20 საათს. რეისები  Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება.