მთავარი სიახლეები მოგზაურობა კრეტაზე: 10 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა იხილოთ

მოგზაურობა კრეტაზე: 10 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა იხილოთ

793
კონტინენტალური საბერძნეთი უკვე დეტალურად  შეისწავლეთ? გეპატიჟებით კრეტაზე – იგი უმსხვილესია საბერძნეთის კუნძულებს შორის და იდეალურია პლაჟზე დასვენებისა და  ექსკურსიების მოწყობისთვის!

კრეტა – საბერძნეთის ყველაზე პოპულარული კუნძულია პლაჟზე დასასვენებლად, სადაც სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. საოცარი ბუნება, თვალწარმტაცი ყურეები, თბილი ზღვა, ნებისმიერი გემოვნების შესანიშნავი პლაჟები, გულუხვი ბერძნული სამზარეულო – ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს იზიდავს. მაგრამ კრეტაზე დასვენება საინტერესოც შეიძლება იყოს! ჩვენ 10 ღირსშესანიშნაობა შევარჩიეთ, რომელთა მონახულებით კრეტას მრავალმხრივ გაიცნობთ!

 

ხანია

მოგზაურები ყოფილ დედაქალაქს და კუნძული კრეტას სიდიდით მეორე ქალაქს პატარა იტალიურ სანაპირო დასახლებებთან ადარებენ. აქ თქვენ იხილავთ პატარა ქუჩებს, სადაც გზაც კი დაგებნევათ, მომხიბლავ სახლებს, რომელთა კედლები ყვავილებითაა მორთული, ფანჯრები კი ზღვას გადაჰყურებს, და აგრეთვე მეთევზეებს, რომლებიც ადგილობრივ რესტორნებს პროდუქციით ამარაგებენ. ხანია უამრავ სტუმარს, პირველ რიგში, თავისი უნიკალური ატმოსფეროთი და არქიტექტურით იზიდავს, სადაც ვენეციური, ოსმალური, ბიზანტიური და ბერძნული კულტურაა შერეული.

ღირსშესანიშნაობების პროგრამაში გირჩევთ შეიტანოთ ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე იანიჩარის მეჩეთი (ამაჟამად საგამოფენო დარბაზი მდებარეობს), ციხე ფირკასი, რომლის კედლებიდან ლამაზ ფოტოებს გადაიღებთ, კრეტის უდიდესი ტაძარი –  წმინდა ფრანცისკის ეკლესია (სადაც ხანიას არქეოლოგიური მუზეუმი ფუნქციონირებს), ასევე დიდგვაროვანი ვენეციელების შემონახული ვილები, მაგალითად, სასახლე რენიერი. ხანიადან ერთი საათის სავალზე მდებარეობს სახელგანთქმული პლაჟი ელაფონისი ვარდისფერი ქვიშით.

როგორ ვიმგზავროთ: ყოველ საათში ჰერაკლიონიდან გადის KTEL ავტობუსი, რომელიც სამ საათში და 16 ევროდ  ხანიაში გადაჯდომის გარეშე ჩაგიყვანთ. ასევე შეგიძლიათ ავტომობილით იმოგზაუროთ, ამ შემთხვევაში ადგილზე ორ საათში აღმოჩნდებით.

ეროვნული პარკი Samaria Gorge

სამარიას ხეობა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კანიონია ევროპაში. ზღვის დონიდან 1230 მეტრის სიმაღლეზე მდებარე 16 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი იწყება Omalos პლატოზე და სრულდება სანაპირო სოფელში Agia Roumeli. მხნე ნაბიჯებით ამ მანძილის გადალახვას 4,5 საათშიც კი შეძლებთ, მაგრამ თუ არსად ჩქარობთ შეგიძლიათ აქ მთელი დღე გაატაროთ. გირჩევთ რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ მსვლელობა, რათა სიგრილეში გაიაროთ გზის უდიდესი ნაწილი და ხალხმრავლობასაც აარიდოთ თავი (ყოველდღიურად ამ მარშრუტზე დაახლოებით 1000 ადამიანი მოძრაობს!). გარდა ამისა, თუ ლანჩის შემდეგ დაიწყებთ სეირნობას, მხოლოდ გარკვეულ პუნქტამდე შეძლებთ მისვლას, შემდეგ კი  დაბრუნება მოგიწევთ.

სამუშაო განრიგი1 მაისი – 15 ოქტომბერი (სეზონი შესაძლებელია უფრო ადრე ან გვიან გაიხსნას და დაიხუროს, რაც ამინდის პირობებზეა დამოკიდებული), 6:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ღირებულება: €5 (15 წლამდე უფასოა).

მისამართი: Old National Road Chanion-Kissamou, Agioi Apostoloi, Chania.

როგორ ვიმგზავროთ: ავტომობილით მგზავრობა – არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ავტომობილს პარკის შესასვლელთან სადგომზე დატოვებთ და პარკის სხვა გამოსასვლელიდან გამოხვალთ. გირჩევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ: ხანიადან ომალოსში ავტობუსით იმგზავრეთ, Agia Roumeli-დან საბორნე მიმოსვლით Hora Sfakion-ში ჩადით და იქიდან ხანიაში ავტობუსით დაბრუნდით.

დიქტის მღვიმე

საბერძნეთში 8 500 მღვიმეა, კრეტაზე 3 000 მათგანი მდებარეობს, ამრიგად, კონკრეტულად რა იზიდავს ტურისტებს აქ? სწორი მარკეტინგი – კრეტის მოსახლეობა ყველანაირად უჭერს მხარს იმ ფაქტს, რომ აქ ზევსი დაიბადა. დამტკიცება კი მხოლოდ იმის შეძლეს, რომ აქ მას მრავალი წლის განმავლობაში სცემდნენ თაყვანს – გათხრების დროს აღმოჩენილია ღვთაების ფიგურები და საკულტო ნივთები. და სანამ მეცნიერები საკუთარი მოსაზრებების დამტკიცებას ცდილობენ, კუნძულის სტუმრები მღვიმეს აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში რთავენ.

მოგზაურობის დაგეგმვისას კომფორტული ფეხსაცმელი შეარჩიეთ: სადგომიდან ან ავტობუსის გაჩერებიდან მღვიმემდე დაახოლებით 800 მეტრი აღმართზე უნდა იაროთ (ან 10-15 ევროდ ვირით გადაადგილდეთ), შიგნით კი მოლიპული საფეხურები გელოდებათ. თან იქონიეთ ზედა ტანსაცმელი – მიწის ქვეშ მთელი წლის განმავლობაში სინესტე და სიგრილეა.

სამუშაო განრიგი: აპრილი-ოქტომბერი 8:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნოემბერი-მარტი 8:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ღირებულება: €6 (18 წლამდე უფასოა).

მისამართი: ლასითის პლატოს შემოგარენი, სოფელი ფსიქროს მახლობლად.

როგორ ვიმგზავროთ: ყველაზე მოსახერხებელია ავტომობილით (კოორდინატები: 35.164958, 25.447567) ან საექსკურსიო ჯგუფის შემადგენლობაში (დაახლოებით 30 ევრო). საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო რთულია: ჰერაკლიონიდან ლასითის პლატომდე ავტობუსი მოძრაობს (დაახლოებით 7 ევრო ერთი გზა), მაგრამ ზაფხულში იგი დღეში ერთხელ, ხოლო დანარჩენ დროს – კვირაში ორჯერ მოძრაობს.

სამების მონასტერი (Agia Triada)

საბერძნეთის ერთ-ერთი უმდიდრესი და უდიდესი მონასტერი. ეწვიეთ კომპლექსის მთავარ ეკლესიას – წმინდა სამების საკათედრო ტაძარს, მუზეუმს, სადაც დაცულია ღირებული წიგნები და ხატები, შემდეგ კი  მყუდრო, მშვიდ და მწვანე ეზოებში გაისეირნეთ. გამგზავრებამდე კი  მაღაზიას ეწვიეთ, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქტებიდან მონაზვნების მიერ წარმოებული ზეთისხილის ზეთი, ღვინო და რაკია, აგრეთვე თაფლი მათი საფუტკრედან.

სამუშაო განრიგი: ყოველდღე 8:00 საათიდან მზის ჩასვლამდე.

ღირებულება: €2 (18 წლამდე უფასოა).

მისამართი: ნახევარკუნძული Akrotiri, ხანიას პრეფექტურა.

როგორ ვიმგზავროთ: ხანიადან ავტომობილით (კოორდინატები: 35.5608, 24.1353) ნახევარ საათში ჩახვალთ.

კნოსოსის სასახლე

კრეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი კომპლექსი (180 130 მეტრზე, 1000 ოთახი) იმ დროის ტექნიკური მიღწევებით აშენდა: ოთახები ცხელი წყლით თბებოდა, რომელიც მილებით მიეწოდებოდა, არსებობდა საკანალიზაციო სისტემა.

ეს არის კუნძული კრეტას ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ღირშესანიშნაობა, რომელსაც ტურისტების უმრავლესობა სტუმრობს. და ისევ, მნიშვნელობა  სწორ მიწოდებას აქვს – მიიჩნევა, რომ სწორედ ეს არის ის ცნობილი ლაბირინთი, სადაც მინოტავრი ბინადრობდა. ამ ვერსიის მიმდევრები სასახლის საკმაოდ დახლართულ გეგმასა და მის გიგანტურ ზომებზე უთითებენ.

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 8:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ღირებულება: €15 (18 წლამდე უფასოა). 16 ევროდ შეგიძლიათ კომბინირებული ბილეთი შეიძინოთ, რომელიც ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმშიც მოქმედებს. 6 მარტს, 18 აპრილს, 18 მაისს, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას, 28 ოქტომბერს და 1 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით თვის ყოველ პირველ კვირა დღეს ყველა სტუმრისთვის შესვლა უფასოა.

მისამართი: Τ.Κ. 71409, Knosos (Prefecture of Iraklio).

როგორ ვიმგზავროთ: ავტომობილით (კოორდინატები: 35.297883, 25.163118) ან ქალაქის (ლურჯი) ავტობუსით, რომელიც ჰერაკლიონის ცენტრიდან ყოველ 10 წუთში გადის (დაახლოებით 1,5 ევრო ერთი გზაზე). ასევე არსებობს საექსკურსიო ტურები (ისინი ჩვეულებრივ სასახლის გარდა ზევსის მღვიმისა და ლასითის პლატოს მონახულებასაც მოიცავენ), რომელთა ღირებულება  40 ევროდან იწყება.

კუნძული გრამვუსა და ლაგუნა ბალოსი

გრამვუსა – ეს ორი პატარა, ამჟამად უკაცრიელი კუნძულია, რომლებიც ტერიტორიულად ქალაქ კისამოსს ეკუთვნის. ერთ-ერთ მათგანზე ციხე მდებარეობს, რომელიც 1579-დან 1584 წლამდე ზღვიდან თავდასხმებისგან დაცვის მიზნით აღმართეს. ფორტი რამდენჯერმე ბერძნებისგან თურქების ხელში გადადიოდა, სანამ კრეტის ამბოხებულებმა საბოლოოდ არ დაიპყრეს იგი, რის შემდეგაც აქ საცხოვრობლად დარჩნენ. ისინი გამვლელ ხომალდებს ძარცვავდნენ, ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში გრამვუსა მეკობრეთა ციხე-სიმაგრე იყო.

ტურისტები ამ ადგილს სტუმრობენ არა იმდენად მის ისტორიასთან გაცნობის მიზნით, რამდენადაც  პლაჟზე დასვენებისთვის  ბალოსის სრუტეში, რომელსაც „კრეტის მალდივებსაც“ უწოდებენ.  ციხე-სიმაგრის კედლებიდან სამი ზღვის შეხვედრის ადგილი ჩანს:  იონიის, კრეტისა და ლიბიის, სადაც წყალი პერიოდულად ფერს იცვლის.

როგორ ვიმგზავროთ: ჯერ თქვენ კისამოსის ქალაქის ნავსადგურში უნდა მოხვდეთ, სადაც ავტომობილით (კოორდინატები: 35,5176799, 23.6370052) ან KTEL ავტობუსით (დაახლოებით €5) შეგიძლიათ ჩახვიდეთ. აქედან დაახლოებით ერთ საათში სასეირნო გემები დანიშნულების პუნქტამდე ჩაგიყვანთ, რომლებიც დღეში ერთიდან ოთხ რეისამდე ახორციელებენ,  რაც  დამოკიდებულია სეზონზე (ბილეთის ფასი – დაახლოებით €20).

ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მინოანის ხელოვნებისადმი მიძღვნილი მსოფლიოს საუკეთესო  მუზეუმი. აქ დაცულია ფრესკების ნაწილები კნოსოსის სასახლიდან, აგრეთვე სხვა ღირებული ნივთები, რომლებიც  კრეტის სხვადახვა ადგილებში გათხრების დროსაა ნაპოვნი. ზოგადად გამოფენა  კუნძულის 5 500 წლის ისტორიას მოიცავს, ნეოლითიდან რომაულ პერიოდამდე.

სამუშაო განრიგი: 15 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 8:00 საათიდან 20:00 საათამდე, 1 ნოემბრიდან 14 აპრილის ჩათვლით 8:00 (11:00) საათიდან 15:00 (17:00) საათამდე, კვირის დღის მიხედვით.

ღირებულება: €5-10 (სეზონის მიხედვით). 16 ევროდ კომპლექსურ ბილეთს შეიძენთ, რომელიც კნოსოსის სასახლეშიც მოქმედებს. 6 მარტს, 18 აპრილს, 18 მაისს, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას, 28 ოქტომბერს და 1 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით თვის ყოველ პირველ კვირა დღეს ყველა სტუმრისთვის შესვლა უფასოა.

მისამართი: Xanthoudidou Street 1, Heraklion.

სასახლე მალია

კრეტის სიდიდით მესამე მინოანის სასახლე, რომელიც დაახლოებით იმ დროს აშენდა, როდესაც კნოსოსისა. აქ მინოსური პერიოდის უამრავი მნიშვნელოვანი ნივთი აღმოაჩინეს, კერძოდ, ცნობილი ფუტკრის ფორმის ოქროს გულსაკიდი, რომელიც ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული.

სამუშაო განრიგი: ყოველდღე 8:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ღირებულება: €6 (18 წლამდე უფასოა). 6 მარტს, 18 აპრილს, 18 მაისს, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას, 28 ოქტომბერს და 1 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით თვის ყოველ პირველ კვირა დღეს ყველა სტუმრისთვის შესვლა უფასოა.

მისამართი: Τ.Κ. 70007, Malia (Prefecture of Iraklio).

როგორ ვიმგზავროთ: ჰერაკლიონიდან შეგიძლიათ ავტომობილით (მალიამდე, შემდეგ კი  Old Road გზატკეცილზე გადაუხვიოთ და აღმოსავლეთით იმგზავროთ  მინიშნებამდე  The Minoan palace and city of Malia) ან ავტობუსით (დაახლოებით 40 წუთი, ბილეთის საფასურია €2) იმგზავროთ.

კუნძული სპინალონგა (კალიდონი)

1584 წელს ვენეციელებმა აქ ფორტი ააგეს – ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამაგრებული თავდაცვითი ნაგებობა. 1903 წლიდან 1957 წლამდე აქ ლეპროზორიუმი მდებარეობდა, სადაც კეთრით დაავადებულ პაციენტებს აგზავნიდნენ. მიუხედავად ასეთი სევდიანი ისტორიისა, კუნძული-აჩრდილი უამრავ გზამკვლევშია შეტანილი და  არასტანდარტული ექსკურსიების მოყვარულებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

როგორ ვიმგზავროთ: გემით აგიოს ნიკოლაოსის ნავსადგურიდან (რომელიც ყველაზე ახლოს ჰერაკლიონთან მდებარეობს), პლაკიდან ან ელუნდიდან.

მთა იდა (პსილორიტისი)

კუნძულის უმაღლესი მწვერვალი (2 456 მეტრი ზღვის დონიდან). მას საკრალური მნიშვნელობა აქვს ბერძნებისთვის, რადგან აქ ლეგენდის თანახმად, ზევსმა გაატარა ბავშვობა. შეგიძლიათ ეწვიოთ ზევსის მღვიმეს, დაათვალიეროთ ნიდას პლატოზე მდებარე გუმბათოვანი სახლები „მიტატა“ და მაქსიმალურ ნიშნულზე მდებარე ტიმიოს სტავროსის ეკლესია, ასევე ფეხით გაისეირნოთ კეთილმოწყობილ ბილიკზე, გზად კი თვალწარმტაცი პეიზეჟებით დატკბეთ და  მთის პატარა სოფლებში შეიაროთ.

მწვერვალზე ადის 6 კილომეტრი სიგრძის მარშრუტი, უკან დაბრუნებისას დაახლოებით იგივე მანძილის გადალახვა მოგიწევთ.

როგორ ვიმგზავროთ: ყველაზე მოსახერხებელია ავტომობილით (იმ ადგილის კოორდინატები, სადაც მისი დატოვება და მთაზე ასვლის დაწყება შეგიძლიათ: 35.241517, 24.777947).

წყარო: aviaviletebi.org