„მისასალმებელია, რომ უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადების პოტენციალს ხედავენ და ამ ფონზე რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდიან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისი-მიუნხენის მიმართულების ასრულებდა რეგულარულ რეისებს, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს.
„1-ლი ივნისიდან Lufthansa კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს პისიარ ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს, კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ასევე ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონში მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.