ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ი მარტის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით ორ ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ავიაკომპანია თელ ავივიდან ბათუმის მიმართულებით 24 და 25 მარტს შეასრულებს ფრენებს და აჭარაში ისრაელიდან ტურისტებს ჩამოიყვანს. აღნიშნული რეისები იქნება მხოლოდ შემომყვანი და Israir Airlines-ი ბათუმიდან მგზავრების ტრანსპორტირებას არ მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისათვის რეისები მინიმალური რაოდენობით სრულდება. აეროპორტში პანდემიის პერიოდში გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მისი ოფიციალური გახსნა მარტის ბოლომდე იგეგმება. 

რაც შეეხება ისრაელსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების აღდგენის, თარიღი ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც ისრაელი გარკვეული პერიოდი რეგულარული ფრენებისთვის დახურული იყო და გახსნის პროცესი ეტაპობრივად სწორედ 24 მარტიდან დაიწყება.