COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მიზნით, ხდება თუ არა თვითმფრინავების სალონების ყოველდღიური დეზინფექცია? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) საფრთხემდე და საფრთხის შემდგომაც, ყოველი რეისის შესრულების შემდეგ, თვითმფრინავის შიდა სალონის დამუშავება ხდება სველი წესით.
„რაც შეეხება დეზინფექციას, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდებს აღნიშნული სამუშაოები ჩაუტარდა/უტარდება დადგენილი სტანდარტების და რეკომენდაციების შესაბამისად“, განმარტავენ სააგენტოში.
GCAA-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად, ეპიდემიის დაფიქსირების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები ძირითადად გაწერილია ავიასაწარმოთა საგანგებო სისტემაში მოქმედების გეგმებში, რომლებიც თანხმდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან და გასატარებელ ქმედებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საწყისი ეტაპიდანვე აწარმოა კომუნიკაცია ავიასაწარმოებთან, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საქაერონავიგაციასთან. ავიაკომპანიებს ეთხოვათ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებით” გათვალისწინებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა, რომლებიც ითვალისწინებენ საჰაერო ხომალდის მეთაურის ვალდებულებებს, ფრენისას გამოვლენილი გადამდები დაავადების ან სხვა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეტყობინებას. ავიაკომპანიებს დაეგზავნათ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) საინფორმაციო ბიულეტენები, სადაც გაწერილია საჰაერო ხომალდების დასუფთავების, დაავადების სიმპტომების მქონე მგზავრებთან მოპყრობის და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის რეკომენდაციები. ავიაკომპანიებს ასევე ეთხოვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ეხება ეკიპაჟის წევრების თავდაცვას, დაავადებული მგზავრის მოვლას, დეზინფექციას და ფრენის შემდგომ განსახორციელებელ ქმედებებს“, – განუცხადეს AviaNews-ს GCAA-ში.