ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან კარანაძეს იმედი აქვს, რომ არ შეიქმნება ისეთი ვითარება, რომ ქვეყანას COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უცხოური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვა მოუწევს. კარანაძე ამბობს, რომ საქართველოს ავიაციას საკმაოდ რთული პერიოდებიც გადაულახავს.  

“დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ვითარება არ შეიქმნება. თუმცა მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რატომ? ავიაციას აქვს უნარი, რომ სწრაფად დაუბრუნდეს ოპერირების რეჟიმს. ჩვენ გაგვივლია უფრო რთული პერიოდიც, მაგალითად 2008 წელს, როდესაც სრულად მოგვიწია ჩაკეტვამ. თუმცა შემდგომ რამდენიმე თვეში დავუბრუნდით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. პროგნოზირება რთულია, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავიაციისთვის მიმდინარე წელი იქნება საკმაოდ რთული და ფინანსურად დამაზარალებელი. ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ავიაციის ფინანსური დანაკარგი. ამ ეტაპზე ძნელია ვთქვათ თუ რა არის მზა რეცეპტი და რა უშველის მას”, განაცხადა ლევან კარანაძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას.