ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პოლონეთის ელჩთან საქართველოში მარიუს მაშკიევიჩთან ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც წარმატებით ართმევს თავს პანდემიის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებს, დაინტერესებულია პოლონეთთან უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის აღდგენით. მისი თქმით, ბოლო წლებში პოლონეთიდან ვიზიტორთა ზრდა ორნიშნა იყო, რასაც ხელს უწყობდა პოლონეთის რამდენიმე ქალაქთან პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო შეძლებს მოგზაურთა მიღებას და მათთვის უსაფრთხო ტურისტული სერვისების შეთავაზებას.
თავის მხრივ, პოლონეთის ელჩმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ქმედებებზე COVID-19 – ის გავრცელების პრევენციის მიზნით და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მიმართულების, პოზიციონირებას.
შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება მუშაობა თანამშრომლობის ფორმებზე საქართველოსა და პოლონეთს შორის, რომელიც ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას, აღადგინოს ორმხრივი ტურისტული ნაკადების უსაფრთხო მიმოსვლა.