გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ინიციატივით გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით სტარტაპ კონკურსი ჩატარდება, კონკურსი მსოფლიოს 164 ქვეყანას მოიცავს.
კონკურსის მიზანია ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა, ახალი ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩინება, მათ შორის, წრიული ეკონომიკისა (circular economy) და გაზიარებითი ეკონომიკის (sharing economy) მიმართულებით.
კონკურსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ მიაწოდეს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტში ჩართულია ცნობილი საკონსულტაციო კომპანია – Barrabés.biz, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის თვალსაზრისით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ბიზნეს მოდელები დაკავშირებული უნდა იყოს შემდეგ 4 ძირითად სფეროსთან:
(მოგზაურობის სამომავლო განვითარება – The future of travel);
(შთაბეჭდილებები ტურიზმის სექტორში- The tourism experience);
(გარემოზე ზეგავლენა – Environmental impact);
(თემის განვითარება – Community development).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – www.tourismstartups.org.
(კონკურსის გამარჯვებულ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ ტურიზმის სექტორში წამყვან კომპანიებთან).
ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა: „ტურიზმის სექტორში დამატებითი ინოვაციებისა და ინვესტიციების განხორციელება, საუკეთესო საშუალებაა ტურისტული პროდუქტების გასაუმჯობესებლად, რაც ჯამში სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით უზრუნველყოფს მდგრადი ტურიზმის განვითარებას“.