United Airlines-ი მომდევნო თვის ბოლოს ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტის დატოვებით იმუქრება, ვიდრე ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია მას აეროპორტში პერმანენტულ სლოტებს არ მისცემს. ავიაგადამზიდავის მენეჯმენტი აცხადებს, რომ დღემდე მისი ოპერირება კენედის სახელობის აეროპორტში დროებით სლოტებს ეფუძნებოდა, ვინაიდან კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ავიაკომპანიები სიხშირეებს ამცირებდნენ.
ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კირბიმ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მოქმედ ადმინისტრატორ ბილი ნოლენს მოუწოდა, განიხილოს არსებული სლოტების ლიმიტი, ვინაიდან, ავიაკომპანიის მოსაზრებით, კენედის აეროპორტში არსებობს აუთვისებელი სივრცე.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ფრენა კენედის სახელობის აეროპორტში 2021 წლის თებერვალში, ჩვენი მიზნები გაიზარდა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საავიაციო ადმინისტრაციას კომერციული შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რათა სხვა ავიახაზების სლოტებიც შეემატებინა, რაც კენედის აეროპორტის კონკურენტუნარიანობას გაზრდის, თუმცა ჩვენ დამატებითი პერმანენტული სლოტების მიღების კუთხით წარმატებას ვერ მივაღწიეთ“, – აცხადებს სკოტ კირბი.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კენედის აეროპორტის ტევადობა ფრთხილად უნდა შეფასდეს და გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ აეროპორტის ინფრასტრუქტურა, არამედ გავლენა ნიუ-იორკის საჰაერო სივრცის გადანაწილებაზეც, რამდენადაც რეგიონში სხვა აეროპორტებიც ოპერირებს, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს რეგულატორი ავიაკომპანიებისთვის დამატებით სლოტების მიცემას.
United Airlines-ი ამჟამად კენედის აეროპორტიდან ყოველკვირეულად 28 რეისს ასრულებს, რაც აეროპორტის დასაშვები დატვირთვის პირობებში საბაზრო წილის 0,7%-ია.