8 ივნისს, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა ონლაინ შეხვედრა (EURNAT-DGCA Meeting) გაიმართა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემუშავებული საერთაშორისო გაიდლაინები და ავიაციაზე COVID-19 უარყოფითი გავლენის შესამცირებლად გასატარებელი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს.

სხდომაზე, რომელშიც 41 სახელმწიფოს ასზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში სიტყვით წარსდგა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ICAO-ს გენერალურმა მდივანმა დოქტორ ფანგ ლიუმ და პარიზის ბიუროს რეგიონალურმა დირექტორმა სილვია გერერმა.

თავის გამოსვლაში ლევან კარანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ჰარმონიზებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დანერგვის მნიშვნელობას საჰაერო მიმოსვლის ოპერატიულ რეჟიმში აღდგენის მიზნით, ასევე პერსონალის სათანადო მომზადებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას რეგიონალურ დონეზე.

„ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ განსხვავებული პროცედურები და არაკოორდინირებული ზომები, რადგან ეს იქნება არაეფექტური და კიდევ უფრო შეაფერხებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენას“- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

შეხვედრაზე, ევროპის რეგიონის სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ICAO-მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო მასალებს, რომლებიც ეხება კომერციული ოპერირების, სატვირთო გადაზიდვების, ჰუმანიტარული და რეპატრიაციული ფრენების ხელშეწყობას და ჯანმრთელობის რისკების შემცირების კომპლექსურ ღონისძიებებს. საავიაციო ხელისუფლებებს ეთხოვა აღნიშნული რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე დანერგვა და ICAO-სთან კოორდინირება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით, უკვე შეიმუშავა პროტოკოლები აეროპორტებისა და ავიაკომპანიებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სახელმძღვანელო მასალების ძირითადი მოთხოვნები.

თავის გამოსვლაში ლევან კარანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ჰარმონიზებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დანერგვის…

Posted by სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA on სამშაბათი, 09 ივნისი, 2020