უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “SkyUp“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “SkyUp“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ SkyUp-მა კიევი-თბილისის რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. კიევი-თბილისის (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადანაა, რაც დაახლოებით 30 ევროა.
SkyUp მგზავრებს ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-ი, Standard-ი და Flex-ი.
სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ 7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა.
Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე.
რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.
ავიაკომპანია SkyUp-ი საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან უკვე ოპერირებს. ავიაკომპანიამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.
ცნობილია ისიც, რომ თვის ბოლომდე SkyUp-ი ავიაპარკს კიდევ 3 ერთეული Boeing-ით შეავსებს.
საუბარია ორი ერთეულ Boeing 737-700-ზე და 1 ერთეულ Boeing 737-800-ზე.
უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეესტრში უკვე რეგისტრირებულია Boeing 737-700 საბორტო ნომრით UR-SQD.