უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციამ, ავიაკატასტროფის შემდეგ, უკრაინულ ავიაკომპანიებს ირანის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადისლავ კრიკლი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, აკრძალვა ძალაში 9 იანვრის 00:00 საათიდან შედის და ის ძალაში ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენამდე დარჩება. ამ დროისათვის უკრაინული ავიაკომპანიები ირანის საჰაერო სივრცეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიმართულებით გადაადგილებისთვის იყენებენ.
კატასტროფის მიზეზების შესწავლა ირანულ მხარეს უკვე დაწყებული აქვს. ირანში ჩავა ასევე უკრაინული დელეგაციაც, რომლიც 10 კაცისგან შედგება და ადგილზე შეისწავლის და გამოიძიებს კატასტროფის მიზეზებს. როგორც კრიკლი განმარტავს, ცხედრების რეპატრიაციაზე ირანში უკრაინის საელჩო უკვე მუშაობს.
„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი, შესანიშნავი და საიმედო ეკიპაჟით“, – განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანია FlyUIA-ს პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ.
FlyUIA-ს საჰაერო ხომალდი, რომელიც დღეს დილით ირანში ჩამოვარდა, 2016 წელს იყო გამოშვებული. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Boeing 737-800 NG-ი სარეგისტრაციო ნომრით UR-PSR ავიაგადამზიდავმა პირდაპირ მწარმოებლისგან მიიღო. ბორტს ბოლო სავალდებულო ტექნიკური მომსახურეობა, ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით FlyUIA-ს კუთვნილმა Boeing 737-800-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის მიზეზადაც სავარაუდოდ ძრავის აალება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაღუპულია. FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.