უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის პრეზიდენტი სერ ტიმ კლარკი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიას კლარკი დაემატა Dubai Port Word-თან (DP World) ასოცირების გამო. ეს არის კომპანია არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან (UAE), რომელიც სპეციალიზებულია პორტის ტერმინალების, საზღვაო მომსახურებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების ლოგისტიკაში და ექსპლუატაციაში. კლარკი არის “დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი” DP World-ში.

ამ სიაში კლარკისა და ათი სხვა ადამიანის შეყვანის მიზეზი არის DP World-სა და Rosatom-ს შორის შეთანხმების ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც Rosatom, DP World-თან ერთად, „განავითარებს ევრაზიის ლოგისტიკას და საკონტეინერო ტრანსპორტირებას ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის გასწვრივ (NSR)“.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ თავისი გადაწყვეტილება 2023 წლის 17 ივლისს გამოაცხადა და ამტკიცებს, რომ DP World-მა არამარტო არ შეწყვიტა რუსეთთან ბიზნესის კეთება, არამედ გააძლიერა “თანამშრომლობა აგრესორთან”.

2022 წლის აპრილში კლარკმა BBC-ს განუცხადა, რომ Emirates გააგრძელებს ფრენებს რუსეთში, თუ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობა არ აუკრძალავს ავიაკომპანიას ამ ქვეყანაში ოპერირებას.