მიტანის მომსახურების, ე.წ. “დელივერი” სერვისის მოდერნიზების მიმართულებით მალე დუბაიში უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ფრენის მარშრუტების რუკა შეიქმნება.

დრონის რუკაზე უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ქალაქის მასშტაბით ფრენების ტრაექტორიები, დაბალ სიმაღლეზე ფრენის ბილიკები, ასევე აფრენის და დაფრენის პუნქტები იქნება ასახული.

დრონების რუკის შექმნის მიზანია დუბაიში მაცხოვრებლებისთვის და ტურისტებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო „დელივერი სერვისის“ შეთავაზება და ამ გზით დუბაის – როგორც მომავლის ქალაქის და ტექნოლოგიური ჰაბის იმიჯის გამყარება.

დრონების რუკის შესაქმნელად დუბაის მუნიციპალიტეტსა და დუბაის ინტეგრირებულ ეკონომიკურ ზონას (DIEZ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების მიმართულებით მოწინავე გადაწყვეტილებების დასანერგად დუბაის მუნიციპალიტეტისა და DIEZ-ის შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სერვისების შექმნას.