უკრაინის გადაწყვეტილება, რუსულ საჰაერო ხომალდს გამოეყენებინა უკრაინის საჰაერო სივრცე, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის წლის ბოლომდე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგება. აღნიშნული განცხადება golos.ua-თან პოლიტოლოგმა რუსლან ბიაზიაევმა გააკეთა.

“გადაწყვეტილება, რომ რუსულ თვითმფრინავს უკრაინის საჰაერო სივრცე გამოეყენებინა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამდე. ამ საკითხს აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კომპონენტი. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ 2019 წლის ბოლომდე ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდება”, განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ უკრაინელები რუსეთში ძირითადად მინსკის გავლით გადაადგილდებიან, ამით ფულს ფულს ალექსანდრე ლუკაშენკო შოულობს.

”ზელენსკიმ უბრალოდ უნდა გააუქმოს უკრაინული თვითმფრინავების რუსეთში ფრენების აკრძალვა ეკონომიკური და არა პოლიტიკური მიზეზების გამო.

ამჟამად, ჩვენი ბიუჯეტი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უარი ვთქვათ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ ფრენებზე. ერთმანეთთან პირდაპირი მტრებიც კი ვაჭრობენ, მაგალითად, ისრაელი და ირანი ”, – განაცხადა ბიაზიაევმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ უკრაინამ რუსულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა. უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ რუსული ავიაკომპანია Globus Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ნებართვა 7 აგვისტოს გაიცა, რაც ოფიციალურად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება, რასაც შესაძლოა თვითმფრინავის ავარიული დაჯდომა გამოეწვია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 2015 წლის ნოემბერში ჩაკეტა.