უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პირველი რიგის ქვეყნებში განიხილავს, სადაც ქვეყანა პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ ტელეკომპანია “1+1”-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინა საერთაშორისო რეგულარული ფრენების განახლებას პოპულარულ ტურისტული მიმართულებებით გეგმავს. პოპულარული მიმართულებების ჩამონათვალში კი საქართველოცაა.

როგორც კრიკლიმ განმარტა, 15 ივნისიდან უკრაინა შიდა და საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის “იხსნება” და ქვეყანა გეგმავს, რომ რეგულარული ფრენები განაახლოს თურქეთის, საბერძნეთის, კვიპროსის და საქართველოს მიმართულებით. 

“დეტალებს მიმდინარე კვირაში გავაჟღერებთ”, – განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ COVID-19-ზე მგზავრთა ტესტირება აეროპორტში განხორციელდეს.

“ეს უფრო კომფორტულია ვიდრე 14 დღიანი კარანტინი. ტესტის ჩაბარებიდან 3-4 საათის შემდეგ კი ქალაქში გამოსვლა იქნება შესაძლებელი”, განაცხადა მინისტრმა.