იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 50.8%-ითა შემცირებული, აღნიშნულის შესახებ საუბარია “2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში”, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სფეროში „ღია ცის“ პოლიტიკის ხელშეწყობამ და ახალი ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე მოზიდვამ პოზიტიური ასახვა ჰპოვა მგზავრთა რაოდენობაზე. თუმცა COVID-19-ის პანდემიამ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ფრენების შეჩერებამ მგზავრთნაკადის სტატისტიკურ მაჩვენებელებზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა.

“საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2019 წელს მოემსახურა 5.2 მლნ მგზავრს, რაც 3.4%- იან ზრდას წარმოადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რეგულარული ფრენების შეჩერებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სამოქალაქო ავიაციის სექტორს. 2020 წლის 4 თვის მონაცემებით, მგზავრთა რაოდენობა 50.8%-ით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყნის არსებული პოლიტიკა გაგრძელდება, თუმცა, ფრენების სწრაფად აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გლობალურ ეპიდსიტუაციაზე”, აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.  
როგორც ცნობილია, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული შეზღუდვების შედეგად საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია უპრეცედენტო
გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

“რეგულარული სამგზავრო საჰაერო გადაყვანების შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში არ შეზღუდულა რეგულარული და ჩარტერული სატვირთო ფრენები და ჩარტერული სამგზავრო ფრენები, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეების თავიანთ ქვეყანაში გადაყვანა”, აღნიშნულია ანგარიშში.

მთავრობის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 26.4%-ითაა შემცირებული.

“2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ დამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 26.4%-ით. შემცირება განპირობებულია ამ ეტაპისათვის რეგულარული სამგზავრო ფრენების შესრულების შეჩერებით, რომლის მეშვეობითაც ასევე დიდი რაოდენობით უზრუნველყოფდნენ ტვირთების გადაზიდვას. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებას, 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს აეროპორტები 0.7 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია 30.1%-ით”, განმარტებულია “2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში”,