თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ნოემბერში საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ავიაკომპანიის ფრენების განრიგი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნოემბრის ფრენების განრიგში უკვე შეტანილია, საიდანაც ირკვევა, რომ Turkish Airlines-ი ნოემბერში თურქეთსა და საქართველოს შორის 7 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, საიდანაც 4 ჩარტერულ რეისზე მგზავრებს ორივე მიმართულებაზე გადაიყვანს, ხოლო 3 ჩარტერულ რეისზე კი მგზავრებს, მხოლოდ ერთი, თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Turkish Airlines-ი 4-11-18 ნოემბერს დაგეგმილ რეისებზე მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოახდენს, ხოლო 7-14-21-28 ნოემბერს კი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ჩარტერული ავიარეისებით დაბრუნდა. ავიაკომპანიამ სექტემბერში სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სულ 6 ჩარტერული რეისი, ხოლო ოქტომბერში 7 ჩარტერული რეისი განახორციელა. სექტემბერსა და ოქტომბერში Turkish Airlines-ის მიერ განხორციელებული ყველა რეისი იყო გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრების გადაყვანას მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე ახდენდა.