თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მზადაა მის ავიაპარკში მყოფი Boeing 737 MAX-ები ცაში დააბრუნოს. ავიაკომპანიამ საკუთარი Boeing 737 MAX 8 გამოცადა და სტამბოლის თავზე რამდენიმე წუთიანი ფრენა შეასრულა. უკვე ცნობილია, რომ აპრილის ბოლომდე Turkish Airlines-ი 2 ერთეული Boeing 737 MAX-ით განაახლებს ფრენებს. 

თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ შესაბამისი დირექტივა (UED-2021/0001) უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიებს Boeing 737 MAX-ების ექსპლუატაციის უფლება მისცა.

ამ დროისათვის Turkish Airlines-ის ავიაპარკში 11 ერთეული Boeing 737 MAX 8 და 1 ერთეული Boeing 737 MAX 9 ირიცხება. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი უმსხვილესი ავიაკატასტროფის ფონზე Boeing 737 Max-ის ფრენების დროებით შეჩერებას 50-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის იყო საქართველოც, რომელმაც საჰაერო სივრცეში Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები 2019 წლის მარტში, დროებით შეაჩერა.

ავიაკატასტროფა, რომელიც 2019 წლის 10 მარტს მოხდა, ეს უკვე მეორე უდიდესი ტრაგიკული შემთხვევა იყო, რომელიც Boeing 737-ს შეემთხვა.

ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერი – Boeing 737 Max 8 იყო გაუმჯობესებული, მეორე ვერსია — 737 Max-ის, რომელის ექსპლუატაციაც 2017 წელს დაიწყო. მწარმოებლის გათვლებით, ამ მოდელებს უნდა ჩაენაცვლებინათ Boeing 737 Next Generation-ი.

ახალი თაობის Boeing 737-მა ავიაკატასტროფის პირველი შემთხვევა კი 2018 წლის 29 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც Lion Air-ის კუთვნილი Boeing 737 Max 8 ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად ჩამოვარდა.