ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline უკრაინის ქალაქ ხერსონიდან თბილისის მიმართულებით გეგმავს ფრენებს. ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა უკრაინის მარეგულირებელი უწყებიდან უკვე მიიღო. 

Bees Airline-ზე გაცემული ნებართვიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანია ხერსონი-თბილისი-ხერსონის საჰაერო ხაზზე ოპერირების უფლება 1-ელი ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით აქვს. თუმცა რეალურად, როდიდან დაიწყებს Bees Airline ხერსონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ეს ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე და მის ბიზნესინტერესებზეა დამოკიდებული. 

როგორც ცნობილია Bees Airline-ს საქართველოს მიმართულებაზე დიდი გეგმები აქვს და ავიაკომპანიამ კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო. რეგულარული რეისების დაწყებამდე ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით ერთი ჩარტერული ფრენა უკვე შეასრულა. 

კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე Bees Airline რეგულარულ რეისებს 30 აპრილიდან დაიწყებს. საწყის ეტაპზე ავიაკომპანია ოპერირებას კიევსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს, ხოლო ივნისიდან კი სიხშირეების რაოდენობას 3-მდე გაზრდის.

რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს უკვე 9 ივნისის თარიღიდან ყიდის. 

აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.

Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.

Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.