საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პროექტ Starring Georgia-ს ინიციატივით კერძო სექტორისთვის “საოჯახო სასტუმროს მართვა და მომსახურების უნარ-ჩვევების“ გადამზადების კურსი მიმდინარეობს. აღნიშნულია შეახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“გურია მთავარ როლში” – ასე ჰქვია Starring Georgia-ს ახალ კამპანიას, რომელიც გურიის რეგიონის მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული გადამზადების კურსი ხელს შეუწყობს გურიაში შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ახალი პროექტის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„Starring Georgia-ს ფარგლებში, განსაკუთრებით ზაფხულში, გურიას ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, ერთობლივად დავაინიციირეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის, ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის გადამზადებას მომსახურების სფეროს მიმართულებით, რათა სურსათის უვნებლობის, მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამის კუთხით უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი სასტუმრო, კვების ობიექტი, თუ ტურისტული პროდუქტი. უკვე დაიწყო ტრენინგის პირველი ნაკადი, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები ზაფხულში, გურიაში უფრო კარგად მომზადებულები შეხვდნენ აღნიშნულ ფესტივალს და ბევრ სტუმარს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რაც გულისხმობს უკვე არსებული ბიზნესების განვითარებას და ახალი პროდუქტების შექმნის წახალისებას.

პირველი ტრენინგი – “საოჯახო სასტუმროების მართვა”, 14 თებერვალს, ოზურგეთში გაიმართა. 6 საათიანი ტრენინგის განმავლობაში დამსწრეებმა ინფორმაცია მიიღეს, როგორ წარადგინონ თავიანთი სასტუმრო უკეთ სხვადასხვა პლატფორმებზე და ამ გზით მეტი ვიზიტორი მოიზიდონ. აღნიშნული ტრენინგი 15 და 16 თებერვალს ჩოხატაურსა და ლანჩხუთშიც ჩატარდება.

პროექტის შესახებ საუბრობს Starring Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელი ციცი იაშვილი.
„ აქამდე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ეფექტი აქვს შეკვეთილში 10 000 ადამიანის ერთ კონცერტზე ჩამოსვლას, მაგრამ ახლა ჩვენმა გამოცდილებამ და რეგიონის სწრაფად მზარდმა პოტენციალმა გვაჩვენა, რომ მეტიც შეგვიძლია. შესაბამისად, 30 მაისს Guns N’ Roses კონცერტს შეკვეთილში, ამჯერად ციცინათელას პარკში ვუმასპინძლებთ. ღონისძიებას რამდენიმე ათეული ათასი მელომანი დაესწრება, რაც ცხადია დიდი გამოწვევაა გურიის რეგიონისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წამოწყებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც გვსურს გურიაში მცხოვრები მცირე მეწარმეები გადავამზადოთ” -აცხადებს ციცი იაშვილი.

ეს პირველი ტრენინგია, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და Starring Georgia-ს ინიციატივით ტარდება. ეტაპობრივად სხვა კურსებიც დაემატება. ყველა ტრენინგი ერთდღიანია და მისი გავლის შემდეგ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცემა.