საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით საქართველოში დარჩენილ 30-ზე მეტ უკრაინელ ბავშვს მთაწმინდის პარკში უმასპინძლეს.
“დღეს ჩვენ უკრაინელ ბავშვებთან ერთად ვიმყოფებით მთაწმინდის გასართობ პარკში, პარკის ადმინისტრაციასთან ერთად მათთვის დავაორგანიზეთ გასართობი დღე რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იძულებით დარჩენილი უკრაინელი ტურისტებისთვის უზრუნველყო სხვადასხვა სასტუმროებში განთავსება და კვება”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილმა.
უკრაინელ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ პარკში არსებული ატრაქციონებით უფასოდ ესარგებლათ.
“საქართველოში თვეზე მეტია ვიმყოფებით, გუდაურში ვიყავით, ისე მოხდა, რომ ჩვენს სამშობლოში ომი დაიწყო და იძულებულები ვართ ჯერ აქ ვიყოთ. ძალიან მადლობელი ვარ ქართველების, ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობთ, რაც გვჭირდება გვაძლევენ. ბავშვებს საშუალება აქვთ საბავშვო ბაღში წავიდნენ, მოხალისეებისგან ვიღებთ საჩუქრებს, ცდილობენ გაართონ ჩვენი ბავშვები. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღისთვის. იმედი გვაქვს მალე დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში”, -ამბობს უკრაინის მოქალაქე ვიქტორია სივაკი.
“საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. სასტუმროში სადაც ჩვენ გადაგვიყვანეს ძალიან კარგი პირობებია. ჩვენ 23 თებერვალს, ბავშვებთან ერთად სათხილამუროდ ჩამოვედით საქართველოში და 24 თებერვალს ომი დაიწყო და ამის შემდეგ სრიალის ხალისი აღარ გვქონდა. ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გადაგვიყვანეს სასტუმროში, ბავშვებისთვის ექსკურსიები მოაწყვეს და საჩუქრები მივიღეთ, რომელსაც არ ველოდით. ძალიან მადლობელი ვარ საქართველოსი, ქართველების“.-ამბობს უკრაინელი ტურისტი ნატალია გაჯიევა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველჰყოფს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის დროებითი საცხოვრებლისთვის სათანადო პირობებს.