საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ტარდება.
სასწავლო კურს „სტრატეგიული ბიდინგი“ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი CPL Meetings & Events-ის აღმასრულებელი დირექტორი და Spring Up Europe-ის თანადამფუძნებელი ლინდა პერეირა ატარებს.
ტრენინგების 3 დღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. ტრენინგებში საკონვენციო ბიუროს წევრი სასტუმროების, ტურისტული სააგენტოებისა და ღონისძიების დაგეგმვის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
“ჩვენი მიზანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად სწორად მოახდინონ შეთავაზების ფორმირება. შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვახორციელებთ მოკლევადიან სასწავლო კურსებს. ამჟამად მიმდინარეობს საკონვენციო ბიუროს წევრი კომპანიებისთვის ძალიან საინტერესო ტრენინგ-კურსი, რომელიც ეხება ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის პროცესს“.-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ტრენინგის მიზანია საერთაშორისო ბაზრებიდან კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.
“ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნეს მოგზაურობისა და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარების ინდუსტრიას და ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ეკონომიკური ინდუსტრიაა სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის კლიენტების, ინვესტორების, ბიზნესებისა და კორპორაციების მოზიდვა. ამ სფეროს ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ შევქმნათ ხმა, რომელსაც გავაგზავნით მთელ მსოფლიოში და ვიტყვით ჩვენ აქ ვართ, შესანიშნავი მიმართულება“.-აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი ლინდა პერეირა.
ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები.
“ლინდა პერეირასთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვაქვს გავიცნოთ ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს როგორც ბიდინგის, ასევე ტურიზმის სექტორში. ასევე როგორ მიმდინარეობს ოპერირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ეს გვაძლევს საშუალებას დავინახოთ როგორ თანამშრომლობს სასტუმრო ინდუსტრია, ტურისტული სააგენტოები, საჯარო და კერძო კერძო სექტორი, რომ ერთად მოიძიონ ღონისძიებები. ამ ტრენინგით ვიღებთ გამოცდილებას თითოეული ელემენტი როგორ უნდა იყოს ჩართული“. -ამბობს სტამბა რუმსის წარმომადგენელი გურამ ავალიანი.
ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავს: ღონისძიების ბიდის ანალიზი, ღონისძიების შეთავაზების მომზადება, ღონისძიების შეთავაზების სტრუქტურის განვითარება, ღონისძიების PR-ის და მარკეტინგის გეგმის მომზადება, პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაციის სტრატეგია, პრეზენტაციის ჩატარება და უკუკავშირი.