ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესპანეთში, სან-სებასტიანში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს.  რიგით მე-8 ფორუმი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ბასკეთის კულინარიული სკოლა.

“ესპანეთი, ბასკეთი, კერძოდ სან-სებასტიანი მსოფლიოში ცნობილია როგორც გასტრონომიის მექა ტურიზმის მიმართულებით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ამ ფორუმზე განიხილება კავშირი სოფლის მეურნეობას,  გასტრონომიასა და ტურიზმს შორის.  საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიოში ადგილი დაიმკვიდროს, როგორც გასტრონომიული, ტურისტული პროდუქტების ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ. ამ მიზნით ჩვენ ესპანეთში, ბასკეთში ვეცნობით მათ კულტურას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე სასურველ მიმართულებად“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით პანელური სესიები, პრეზენტაციები მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ტექნიკური ვიზიტები გასტროტურიზმის ობიექტებზე. ფორუმის ფარგლებში განიხილება ურთიერთკავშირი სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის, გასტრონომიული მარშრუტები და სხვა საკითხები.

ფორუმის ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები  სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციის  ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან გამოცდილების გაზიარების მიზნით. ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, კულინარიულ და ღვინის ტურისტული მიმართულებას.