საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის 200 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი “სოცმედიის როლი ტურიზმში” გამართა. 2 დღიანი კურსი თბილისში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორში, ქუთაისსა და ამბროლაურში მოეწყო. ტრენინგებში გიდები, ტუროპერატორები და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სასწავლო კურსი “სოცმედიის როლი ტურიზმში” შემდეგ თემატიკას მოიცავდა: სოციალური მედიის მნიშვნელობა, სოციალური მედიის ტერმინების მიმოხილვა და პლატფორმების გაცნობა/სტატისტიკა, საკომუნიკაციო ენის შერჩევა, სამიზნე აუდიტორიის ცოდნის მნიშვნელობა, სარეკლამო კამპანია, ბიზნეს გვერდის შექმნა, მართვა და ა.შ.
თეორიულ სწავლებასთან ერთად ტრენინგების მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატები გადაეცათ.
„ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც აკადემია კოლაბი ხელმძღვანელობს და მისი მნიშვნელოვანი როლია, სოციალური მედიის მიმართულებით გადამწყვეტი ცვლილებები შეიტანოს ტურიზმის სფეროში, რათა სოც. მედიის წახალისება და ბიზნესების, სააგენტოების პოპულარიზაცია მოხდეს“,-აცხადებს აკადემია კოლაბის სასწავლო ცენტრის პროექტების მენეჯერი ნიკა ბულისკერია.
„ასეთი ტრენინგები ძალიან მრავლისმომცველია ყველა ტიპის სასტუმროსთვის, ყველა ტიპის შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, რადგან სოც. მედია ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პირდაპირი, პულსირებული გაყიდვები შეგიძლია აწარმოო სწორი სოც. მედია პოლიტიკით“,-ამბობს ტრენინგის მონაწილე ქეთი ამირბარი.
მოკლევადიან სასწავლო კურსებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, სრულიად უსასყიდლოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. ტრენინგების გამართვის მიზანია ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება.