ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიკომპანიის Ryanair-ის  რეპორტიორებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. პრეს-ტურის შემდეგ  Ryanair-ის სამოგზაურო ონლაინ პლატფორმამ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია „მომაჯადოებელი თბილისი“ გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ სტატია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე 7 ენაზე გავრცელდება, რომელსაც 800 ათასი მკითხველი ჰყავს, სოციალურ ქსელში კი  5,6 მილიონზე მეტი მომხმარებელი.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში Ryanair-ის რეპორტიორებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა და კახეთი მოინახულეს. საქართველოს შესახებ ვიდეო-რგოლიც გადაიღეს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებ-გვერდზე აიტვირთება.

Ryanair -ის სამოგზაურო პორტალის რეპორტიორი სტატიაში საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს.

„თბილისი ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო ქალაქად არის მიჩნეული. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. სტუმრებს ქართველები თბილად ხვდებიან და  მზად არიან ტურისტებს სიამოვნებით დაათვალიერებინონ თბილისის მშვენიერი ციხე-სიმაგრეები, გოგირდის აბანოები და ადგილობრივი ბაზრები.

გემრიელი სამზარეულოთი, მომხიბლავი ისტორიით, მრავალფეროვანი და საოცარი ადგილებით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.“

სტატიის ავტორის თქმით, თბილისი ღამის ცხოვრებით გამოირჩევა.  საქართველოს დედაქალათან ერთად Ryanair-ის სამოგზაურო პორტალის ჟურნალისტი მოგზაურებს სამთო კურორტების: გუდაურის, მესტიის, გოდერძის და ბაკურიანის მონახულებას ურჩევს.

სტატიაში ასევე აღწერილია ქართული ტრადიციული კერძები,  ქართული ღვინო და კვების ობიექტები.

„იუმორის კარგი გრძნობით და თავისუფლებით გამორჩეულ ქართველებთან კომუნიკაციამ ჩვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადა.  საქართველოში ტურიზმი იზრდება, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას ხელს უწყობს. თბილისი ტრადიციების და კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს და ამავდროულად ყოველწელიწადს მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. ამ უძველეს, ფერად და საოცარ ქალაქში სამ დღიანი მოგზაურობით ყველაფრის ნახვა შეუძლებელია. თბილისი ევროპელი ტურისტებისთვის სწრაფად მზარდი, ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც უგემრიელესს კერძებს, საოცარ ღამის ცხორებას და მრავალფეროვან ისტორიას გთავაზობს.“

სტატიის ავტორი საქართველოში მოგზურებს მოუწოდებს თბილისში გადაღებულ ფოტოებზე ჰაშთაგი #ryanairstories მონიშნონ, რომელიც შეიძლება ავიაკომპანიის ინსტაგრამ გვერდზე აღმოჩნდეს.

სტატიის გამოქვეყნება Ryanair-ის Instagram-ზე დაწყებულ გამოკითხვას დაემთხვა, თუ რომელ ქალაქში უნდა იმოგზაურონ 2020 წელს. თბილისმა ავიაკომპანიის სოციალურ გვერდზე გამოკითხვებში რომს, სანტორინს და პარიზს გაუსწრო.