ახალგაზრდა ჩინური ოჯახი, 1 წლის ბავშვთან ერთად ანცინიდან კუნიმის მიმართულებით მგზავრობდა. ავიარეისს ადგილობრივი ავიაკომპანია Lucky Air-ი ახორციელებდა, რომლის სახელი ითარგმნება როგორც „იღბლიანი“. ავიაკომპანიის სახელი მგზავრისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მან ბედნიერი მომავლის გასამყარებად გადაწყვიტა თვითმფრინავის ძრავში მონეტა შეეგდო. 28 წლის მამაკაცმა სულ 2 მონეტა მოისროლა.
თვითმფრინავის ფრენისთვის მომზადებისას პერსონალმა ძრავში საეჭვო რაღაც შენიშნა. ცხადია რეისის განხორციელება შეფერხდა, საბოლოოდ კი გადაიდო.
თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო, რომ თვითმფრინავი ფუნდამენტურად შემოწმებულიყო. თუ კი მონეტა ძრავში გაიჭედებოდა, ავიაკატასტროფა გარდაუვალი იყო.
საჰაერო ხომალდში სულ 162 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაც აეროპორტში 12 საათიანი ლოდინი მოუხდათ და დანიშნულების პუნქტის მიმართულებით მეორე დღეს გაემგზავრნენ.
აღნიშნულმა ფაქტმა ავიაკომპანიას 23 000 დოლარის ზარალი მიაყენა. თავად ჩინელი მამაკაცი კი დააპატიმრეს და საბოლოო განაჩენს მალე სასამართლო გამოუტანს.