2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. PMCG-ის ინფორმაციით, თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა. “აღნიშნულ პერიოდში სასტუმროს ფასების ზრდა, შესაძლოა გარკვეულწილად ავხსნათ გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები – 32.6%-ით”, განმარტავენ PMCG-ში.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა. 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რიცხვი 4.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წარმოადგენდა პირველ წელს, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების მიერ სასტუმროში გატარებულმა ღამისთევათა წილმა გადააჭარბა მეგობრების, ნათესავების სახლში გატარებულ ღამისთევათა წილს. 2018 წელს ღამისთევათა განაწილება განთავსების საშუალებების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: სასტუმრო – 39.6%; მეგობრის, ნათესავის სახლი-26.5%-ის; საოჯახო სასტუმრო – 12.7%; ნაქირავები ბინა – 11.7%.