საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბურ კამპანიას დადებითად აფასებს „ვანილა ივენთის“ წარმომადგენელი თინათინ ნიჟარაძე. კამპანიის მიზანია საქართველოში ინდოეთიდან მასშტაბური, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებების ჩატარება.
„ზოგადად ინდოეთის ბაზარი ქორწილების მიმართულებით ნომერი პირველია, ბოლო ხუთი წელია მსოფლიოს ტრენდია ქორწილის მიმართულებების ორგანიზება და ეს ტურიზმის ერთ-ერთი მასშტაბური ნაწილია.
ინდოელები 3-4 დღიან ქორწილებს იხდიან, შესაბამისად მაღალი კატეგორიის სასტუმროებზე აქვთ მოთხოვნა. თვითონ ქორწილი ბევრი რიტუალისგან შედგება. ისინი აწყობენ 200-300 კაციან ლამაზ სანახაობას.
ჩვენ კომპანია „ვანილა ივენთი“ 8 წელია, რაც ინდოეთის ბაზარზეა და ქორწილების მიმართულებით ვმუშაობთ. აქტიურად დავდივართ გამოფენებზე, ვაწყობთ მასშტაბურ ღონისძიებებს.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც ტურიზმის ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო ინდოეთის მიმართულებით მუშაობა, შედეგად აბსოლუტურად შეიცვალა მთლიანი სურათი და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკვე ბევრი ინდური კომპანია გეგმავს საქართველოში ქორწილების ჩატარებას. შარშან რამდენიმე ინდური ქორწილი დავაორგანიზეთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული კამპანიის შედეგად, წელს მე და ჩემს ბევრ კოლეგას ზაფხულში რამდენიმე მსხვილი საქორწილო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი“,-ამბობს „ვანილა ივენთის“ წარმომადგენელი თინათინ ნიჟარაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.
პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.
ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და ა. შ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.












