მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, ჩინეთის ტურიზმის სექტორი შეძლებს პანდემიამდელი მაჩვენებლების 70-80%-მდე აღდგენას. ამის შესახებ ჩინური მედია იტყობინება.

როგორც პრესას ადგილობრივი ტუროპერატორმა, კომპანია CYTS Tours-ის მარკეტინგის დირექტორმა განუცხადა, ტურიზმის სრულ აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, სექტორში აქტივობის ზრდა “ზაფხულის სეზონისთვისაა მოსალოდნელი”.

გარდა ამისა, პროგნოზების თანახმად, ტურისტული ნაკადის ზრდა გაგრძელდება წლის მეორე ნახევარში ეგრეთ წოდებულ „ოქროს კვირაში“ 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით – არდადეგები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების საპატივცემულოდ.

მთვარის საახალწლო ერთკვირიანი არდადეგების განმავლობაში, ჩინეთის მოსახლეობამ განახორციელა 308 მილიონი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით, რაც 2019 წლის მაჩვენებლების 88,6%-ია. ტურიზმის სექტორის მთლიანმა შემოსავალმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 55,63 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაეროს მონაცემებით, 2019 წელს ჩინეთიდან მოგზაურებმა მთელს მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი მოგზაურობა განახორციელეს და დახარჯეს დაახლოებით 254,6 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ, რაც გლობალური მოგზაურობის დანახარჯების დაახლოებით 20%-ია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 8 იანვრიდან ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა სავალდებულო კარანტინი ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩასულთათვის და ასევე გააუქმა საზღვარგარეთ ტურისტული მოგზაურობის შეზღუდვები.