ტყის ხანძრები ბიზნეს-მოგზაურებისთვის გლობალურ პრობლემად იქცა.
კვლევის თანახმად, ბიზნეს-მოგზაურების დაახლოებით 62% მივლინებისას სტიქიური უბედურებების რისკით არის შეშფოთებული, ხოლო ტყის ხანძრები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხეა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია World Travel Protection-ის მიერ Riskline-თან თანამშრომლობით მომზადებულ კვლევაში, რომელიც 2000 რესპონდენტის გამოკითხვას ეფუძნება.
წლის პირველ ექვს თვეში ტყის ხანძრების შესახებ გაფრთხილებების რაოდენობამ შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა. ექსპერტების მონაცემებით, 2023-დან 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა. ტყის ხანძრები, რომლებიც ადრე სეზონური იყო და ძირითადად მომეტებული რისკის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა, ახლა სულ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის აშშ-ს, ჩილეს, ავსტრალიას, კანადასა და საბერძნეთს.
ტყეში ცეცხლი შეიძლება წუთში 22 კმ/სთ სიჩქარით გავრცელდეს და ნეგატიური გავლენა იქონიოს ჰაერის ხარისხზე, ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივ ტრანსპორტზე. გასულ წელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში თითქმის 1.9 მილიონი ჰექტარი მწვანე საფარი დაიწვა.
აქედან გამომდინარე, მივლინებაში მყოფ ბიზნეს-ტურისტებს შესაძლოა შეექმნათ სხვადასხვა რისკი, დაწყებული ტრანსპორტის შეფერხებიდან და გზების გადაკეტვით, დამთავრებული სერიოზული საფრთხით ჯანმრთელობისთვის და, გამონაკლის შემთხვევებში, სასწრაფო ევაკუაციით.
World Travel Protection-ის უსაფრთხოების დირექტორის, ფრენკ ჰარისონის თქმით, ტყის ხანძრების სეზონი გახანგრძლივდა და მისი შედეგები უფრო მკაცრი და არაპროგნოზირებადია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2025 წელი შესაძლოა ტყის ხანძრების მხრივ ყველაზე ექსტრემალური აღმოჩნდეს, რაც „გადაუდებელ ზომებს და რეგიონული რისკების მუდმივ მონიტორინგს“ მოითხოვს.












