ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში 31 დეკემბრამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა.
როგორც კანადაში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს საელჩოს და კანადელი ფოტოგრაფების, მამა-შვილის, რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების ერთობლივი თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოსლაიდის გაშვება ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ მონიტორებზე (ტერმინალი 1, უსაფრთხოების კონტროლის ზონა). პროექტი მ/წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
აღნიშნული ფოტომასალა შეიქმნა 2022 წლის მაისში, კანადელი ფოტოგრაფების საქართველოში ვიზიტის დროს, რომელიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის“ უშუალო ჩართულობით დაიგეგმა. საელჩო მადლობას უხდის სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ აღნიშნული ვიზიტის ორგანიზებისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საქართველოში გადაღებული სურათების სრულად ხილვა შესაძლებელია ფოტოგრაფების ვებ-გვერდზე https://www.takeyourseatonline.com/georgia