2021 წლის ივლისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ივლისში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 458,761 ტონა ტვირთი გაატარა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. ივლისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 201,859 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა ბელორუსული ავიაკომპანია Rubystar Airways-ი, რომელიც ივლისში 114,472 ტონა ტვირთს მოემსახურა.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways Cargo-ს, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით ივლისში 79,545 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განახორციელა და აღნიშნული მაჩვენებლებით ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიას შორის მეოთხე პოზიციაზეა.

Georgian Airways Cargo საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს სულ რამდენიმე თვეა რაც შეუერთდა.

დღეისათვის Georgian Airways Cargo-ს ფრენების ოპერატორია შპს “ლოგოსი”. სატვირთო ავიაკომპანიასა და “ლოგოსს” 1 წლიანი სამუშაო ხელშეკრულება აკავშირებთ. 

2021 წლის მაისში ავიაკომპანიას გადაზიდული ტვირთების მიხედვით ავიაკომპანიების TOP-5-ში მეხუთე ადგილი ეკავა, ივნისში კი უკვე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა მეოთხე პოზიციაზე იყო. რაც შეეხება ივლისის სტატისტიკური მაჩვენებლებით ის ისევ მეოთხე ადგილს იკავებს. 

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა აზერბაიჯანული სატვირთო ავიაგადამზიდავი Silk Way West Airlines-ი, რომელიც 2021 წლის ივლისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 59,267 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Rubystar Airways;

Georgian Airways Cargo;

Silk Way West Airlines;