2021 წლის აპრილში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 438,474 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით აპრილში 387,563 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ბელორუსული სატვირთო ავიაკომპანია Rubystar Airways-ი, რომელიც აპრილში 206,324 ტონა ტვირთს მოემსახურა. რაც შეეხება ლუქსემბურგის ავიაკომპანია Cargolux-ს აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 196,911 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

აზერბაიჯანულმა სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მა კი აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 133,170 ტონა ტვირთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

TOP-5 სატვირთო ავიაკომპანია გადაზიდული ტვირთების მიხედვით:

Turkish Cargo;

Easy Charter;

Rubystar Airways;

Cargolux Airlines;

Silk Way West Airlines;

საჰაერო გზით გატარებული ტვირთებიდან ექსპორტის მხრივ ყველაზე მეტ ტვირთს Easy Charter-ი 387,563 ტონა) მოემსახურა, ხოლო იმპორტის მხრივ Turkish Cargo (366,797 ტონა).

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 98%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1736,127 ტონა შეადგინა, 2020 წლის აპრილში კი 877,708 ტონა.

2021 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის აპრილში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 2,20%-ითაა გაზრდილი. 2019 წლის აპრილში აეროპორტმა 1698,773 ტონა ტვირთი გაატარა.