თვითმფრინავში დაძინება დროის გასაყვანად და კომფორტულად მგზავრობისთვის საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ეს ყველას არ გამოსდის. თუკი თქვენ მათ სიაში ხართ, მაშინ ეს სტატია ძალიან დაგეხმარებათ. ექსპერტებმა დაადგინეს უტყუარი მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თვითმფრინავში დაიძინოთ და დანიშნულების ადგილზე დასვენებულები ჩახვიდეთ.

აუცილებლად დაჯავშნეთ ბილეთი ფანჯარასთან

დიახ, დაძინება თუ გსურთ, ბილეთი ფანჯარასთან უნდა აიღოთ, სხვაგვარად არ გამოდის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფეხზე დამდგარსაც კი სძინავთ, მაგრამ თქვენ მათ სიაში არ ხართ. შესაბამისად, ექსპერტების აზრით, ფანჯარასთან ჯდომა აუცილებლად დაგეხმარებათ. ილუმინატორიდან ყურება ადამიანის ყურადღებას ადუნებს, გონებას ინერტულს ხდის და შესაბამისად, აძინებს.

ფეხს ფეხზე ნუ გადაიდებთ, ეცადეთ გაშალოთ

ნუ გაგიკვირდებათ! ფეხი-ფეხ გადაჯვარედინებულად ჯდომა შესაძლოა ილუზიას გიქმნიდეთ, რომ უკეთესად ზიხართ, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. შემდეგ სისხლის მიმოქცევა რთულდება, რასაც დაბუჟება მოჰყვება და უფრო დიდი დისკომფორტი შეგექმნებათ. ეცადეთ გაშალოთ ფეხები მაქსიმალურად, სავარძელი ოდნავ უკან გადაწიოთ და თვალები დახუჭოთ.

თუ პირველი პუნქტი უკვე შესრულებული გაქვთ და მეორესაც გაითვალისწინებთ, თქვენი ფრენის ხანგრძლივობა თქვენთვის მნიშვნელოვნად შემცირდება.

არ დალიოთ ძილის წამლები

მგზავრობისას ადამიანები სულელურ შეცდომას უშვებენ ხოლმე და ძილის აბებს იღებენ. გახსოვდეთ, ეს დაუშვებელია, რადგან საძილე აბები ადამიანის გონებას დიდი ხნით ადუნებს და თუ სრულფასოვნად, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაბმულად არ დაიძინებთ, საოცარი დაღლილობის გრძნობა შეგაწუხებთ. ეს კი, თქვენს ფრენას, კიდევ უფრო დამთრგუნველსა და არაკომფორტულს გახდის.

საუკეთესო გამოსავალი, ასეთ დროს, წინა ორი პუნქტის შესრულებაა.

ფრენამდე არ ჭამოთ, მითუმეტეს ბევრი!

მართალია კვება ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არა გაფრენის წინ. საკვები შეიცავს სხვადასხვა სახის ნივთიერებებს, მათ შორის ნახშირწყლებსა და ცხიმებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ენერგიად გარდაქმნის. მაძღარი ადამიანისთვის კი, ხანგრძლივად ერთ ადგილას ჯდომა ნამდვილი კატასტროფაა, მითუმეტეს თვითმფრინავში, როდესაც წნევა ისედაც მაღალია.

თუ ძალიან გშიათ, სჯობს უცხიმო და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის საკვები მიიღოთ, რადგან ორგანიზმს მისი გადამუშავება ნაკლებად უჭირს.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გარანტიას გაძლევთ, თვითმფრინავში გამოძინებას აუცილებლად შეძლებთ (თუ რა თქმა უნდა, გვერდით მჯდომი დაგაცდით).

წყარო: http://blog.2eu.ge