აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღესვე ალპური ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც სამშენებლო პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძემ ალპური ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა, ასევე დასრულებული მეფუტკრის სახლი დაათვალიერა. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილია საპიკნიკე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობამ გააცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ალპური ბოტანიკური ბაღის ფინანსური მხარდამჭერი კავკასიის ალიანსის პროგრამის წარმომადგენლები. აღნიშნულ პროგრამას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი” ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, რომელიც კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

გოდერძის ალპური ბაღი აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან” ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. მნიშვნელოვანია, რომ ალპურ ბაღს ექნება ეკოლოგიური განათლების ცენტრის ფუნქციაც.