ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ს გამო საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის ეშინიათ, შეუძლიათ საკუთარი შიშები გვერდზე გადადონ და მოდუნდნენ. ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავის ბორტზე COVID-19-ით ინფიცირების შანსი მინიმალურია. 

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ფრენისას ვირუსის გავრცელების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით სულ ასეთი 44 შემთხვევა დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში კი მგზავრთნაკადი სულ 1.2 მლრდ-ს შეადგენდა. შესაბამისად არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების შედეგად ირკვევა, რომ 27,3 მლნ მგზავრზე 1 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. 

შესაბამისად ექსპერტები ასკვნიან, რომ საჰაერო ხომალდში COVID-19-ის გადადების შანსი მინიმალურია, “თქვენ უფრო მეტად შანსი გაქვთ ჭექა-ქუხილში მოყვეთ, ვიდრე ფრენის დროს COVID-19-ით დაინფიცირდეთ.

იმავე დროს, ერთდროულად სამი ავიამწარმოებელი კომპანიის  – Airbus, Boeing და Embraer-ი – ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ მხოლოდ HEPA -ს ფილტრები საკმარისი არ არის, რაც არ უნდა მაღალეფექტური იყოს.

მათი აზრით, ავიკომპანიების მიერ აღნიშნული ტიპის ფილტრების გამოყენებასთან ერთად, მაქსიმალური შედეგის მიღწევა შესაძლებელია ბორტზე პირბადის ტარებით.

ბრაზილიურმა ავიამწარმოებელმა კომპანია Embraer-მა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბორტზე პირბადის ტარება COVID-19 ნაწილაკების ინჰალაციის რისკს ექვსჯერ ამცირებს. ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, ვიდრე შუა სავარძლის დაბლოკვა.

კვლევაში მრავალი მსხვილი ავიაკომპანია მონაწილეობდა, რომლებიც განმარტავენ, რომ ბოლო 6 თვის პრაქტიკამ დამაჯერებლად დაადასტურა, რომ გარკვეული ადგილის მექანიკური დაბლოკვა ვირუსისგან დაცვას  არ უზრუნველყოფს.

პირბადე, ჰაერის ფილტრაცია და საჰაერო ხომალდის წმენდა გარკვეული პროტოკოლების მიხედვით,  საუკეთესო საშუალებაა მგზავრებს შორის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.