ფინურმა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სააგენტო Traficom-მა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთთან კავშირების გამო ფინეთში ფრენები აუკრძალა.
აღნიშნული ავიაკომპანია სპეციალიზებულია ტურისტების თურქეთში გადაყვანაზე და ამჯერად ანტალიასა და ჰელსინკის შორის ფრენების განხორციელებაზე ითხოვა ნებართვა.
„ჩვენი საერთო შეფასება მიუთითებს, რომ Southwind Airlines-ის საკუთრების და ეფექტური კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის დაუდგენელ თურქ პირებს ან კომპანიებს. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ავიაკომპანია და მისი კონტროლი დაკავშირებულია რუსულ მხარესთან“, – განაცხადა Traficom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იარკო საარიმაკიმ (Jarkko Saarimäki).
Southwind Airlines შეიქმნა თურქეთში 2022 წელს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისთანავე , რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდებოდა. მედია მას უკავშირებს რუსულ ტუროპერატორ Pegas Touristik-ს, რომელსაც მიეცა საშუალება, სანქციების მიუხედავად, გაეგრძელებინა რუსი ტურისტების თურქეთში ტრანსპორტირება.
უკრაინაში ომის დაწყებამდე Pegas Touristik-ს ტურისტები გადაჰყავდა თავისი შვილობილი რუსული ავიაკომპანიის Nordwind Airlines-ის თვითმფრინავებით. სანქციების დაწესების შემდეგ Nordwind Airlines-ის ფლოტის ნაწილი რუსეთიდან გაიყვანეს და ეს თვითმფრინავები Southwind Airlines-ის ფლოტში მოხვდა.
Southwind Airlines-ის ერთ-ერთი ახალი მარშრუტი იყო სტამბოლი-მინსკი. ამის შემდეგ, გერმანულმა გამოცემა Bild-მა ავიაკომპანიას ყალბი ავიაკომპანია უწოდა, რომელიც მინსკის გავლით ევროპაში არალეგალური მიგრანტების გადასაყვანად შეიქმნა.