თურქეთმა და სომხეთმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის დაწესებული დაბრკოლებები გააუქმეს.

„თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი საჰაერო სატვირთო გადაზიდვისთვის დაბრკოლებები ორ ქვეყანას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოიხსნა“, – აღნიშნულია TRHaber-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხელშეკრულებების დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ტვირთების გადაზიდვა თურქეთსა და სომხეთს შორის 1 იანვრიდან გახდა შესაძლებელი და ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ საექსპორტო ოპერაციებში ჩართულ ადგილობრივ ორგანიზაციებს უკვე აცნობა. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე გამართულ მოლაპარაკებებზე იქნა მიღებული.

თურქეთის ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საერთო საზღვრის მიუხედავად, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. 2009 წელს, ციურიხში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთობების პრინციპების შესახებ, მაგრამ მხარეებს ად დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენიათ. 2018 წლის 1 მარტს სომხეთმა ოქმების ბათილად ცნობა მოახდინა. 2021 წელს სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების მოგვარებისთვის სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს.