ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34 მლნ-დან 210 მლნ-მდე გაიზარდა. ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ჯახიტ ტურხანის განმარტებით, თურქეთის მთავრობის მიზანია, რომ ავიამგზავრების რაოდენობა უახლოეს პერიოდში 450 მლნ-მდე გაიზარდოს.
მინისტრის თქმით, ავიაგადაზიდვები მთელს მსოფლიოში იზრდება, ეს შეეხება როგორც მგზავრთგადაყვანებს ასევე ტვირთებს.
“სამოქალაქო ავიაცია გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი როგორც ეროვნული, ისე რეგიონალური და გლობალური განვითარებისთვის. თურქეთიდან 4 საათიანი ფრენის დაშორებით იმყოფებიან ქვეყნები, რომელთა მცხოვრებთა რიცხოვნებაც 1.5 მლრდ-ს, მშპ 35 მლრდ დოლარს და ტვირთბრუნვა 7 მლრდ დოლარს აღწევს. ამ ფონზე კი სამოქალაქო ავიაციის როლი უმნიშვნელოვანესია”, აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, სამოქალაქო ავიაციის სექტორში გატარებული რეფორმების მიხედვით, თურქეთი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქვეყანაა.
“დღეისათვის თურქეთი და მით უმეტეს სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატრანზიტო ჰაბია. თურქეთის სამოქალაქო ავიაციაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 56 მლრდ თურქულ ლირად მიაღწია”, განაცხადა ტურხანმა.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო მგზავრთგადაყვანების მიხედვით თურქეთი ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეათე ადგილზეა.