საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი აპრილში რუსეთიდან ეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური სტატისტიკა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

საქართველოში რუსეთიდან აპრილში 113 138 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, საიდანაც საქართველოს 99 073 მოქალაქე ეწვია (წინა წლის აპრილთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი).

95 063 ვიზიტი განხორციელდა საქართველოში თურქეთიდან (კლება 7.6 პროცენტი), 94 391 – სომხეთიდან (ზრდა 4.1 პროცენტი).

2018 წლის აპრილთან შედარებით 59.4-პროცენტიანი კლებაა ვიზიტორებში ირანიდან. თუ გასული წლის აპრილში საქართველოში ირანიდან 25 874 ვიზიტი განხორციელდა, მიმდინარე წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 10 505-მდე შემცირდა.

მოგზაურთა რაოდენობა გაზრდილია ისრაელიდან (11.2 პროცენტი), უკრაინიდან (3.1 პროცენტი), გერმანიიდან (43.5 პროცენტი), ყაზახეთიდან (89.1 პროცენტი), ინდოეთიდან (22.9 პროცენტი), პოლონეთიდან (22.8 პროცენტი), გაერთიანებული სამეფოდან (30 პროცენტი), აშშ-დან (18.1 პროცენტი) და ჩინეთიდან (30.6 პროცენტი).

რაც შეეხება იანვარ-აპრილის მონაცემებს, ვიზიტორთა სტატისტიკაში აზერბაიჯანი ლიდერობს (391 975 ვიზიტი), მეორე ადგილზე რუსეთიდან (367 215 ვიზიტი), მესამეზე კი სომხეთი (326 840 ვიზიტი).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნეს, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.

წყარო: 1tv