თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტრომ რუსული და ბელარუსული ავიაკომპანიების მიერ ოპერირებად ამერიკული თვითმფრინავების საწვავის შევსება და მომსახურება შეაჩერა.
თურქული სავაჭრო გამოცემა AirportHaber-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ 14 მარტს მიიღო. საფუძველი იყო წერილი აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროსგან.
აშშ-ს ხელისუფლებამ, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსული და ბელარუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების წინააღმდეგ 2022 წლის მარტში სანქციები დააწესა. შეზღუდვები კრძალავს რუსული და ბელარუსული კომპანიების მფლობელობაში მყოფი Boeing-ების და სხვა საჰაერო ხომალდების საწვავით შევსებას და სხვა მომსახურებას.
აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი იმედოვნებდა, რომ სანქციები მინიმუმ შეაფერხებდა საერთაშორისო ფრენებს შავ სიაში შეყვანილ თვითმფრინავებზე.
თუმცა, რუსული ავიაკომპანიები აგრძელებდნენ ფრენებს Boeing-ებით, მათ შორის თურქეთში, ნატოს ალიანსის ქვეყანაში.
2023 წლის 1 თებერვალს რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თურქულმა სახმელეთო სერვისის პროვაიდერმა Havas-მა მიიღო გაფრთხილება აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტისგან სანქციების ქვეშ მოქცეული ხომალდების მომსახურებისთვის.
Havas-ის მიერ სანქციების შემდგომმა დარღვევამ კი შეიძლება გამოიწვიოს თანამშრომლების პატიმრობა, ჯარიმები, ექსპორტის პრივილეგიების დაკარგვა და სხვა შეზღუდვები აშშ-ს ხელისუფლების მიერ.
ამჟამად აშშ-ის სანქციების სიაში 188 თვითმფრინავია. ეს არის Boeing-ის, Airbus-ისა და Gulfstream-ის მიერ წარმოებული ლაინერები, რომლებსაც აქვთ ამერიკული ნაწილების 25%-ზე მეტი.
აშშ-ს ხელისუფლების შეზღუდვები შეეხო რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის საჰაერო ხომალდებს და ასევე Aeroflot-ის, Azur Air-ის, Belavia-ს, Pobeda-ს, Nordwind-ის, Rossiya-ს, Ural Airlines-ის, S7 Airlines, Utair-ის თვითმფრინავებს.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება აღარ მოემსახუროს რუსული და ბელარუსული ავიაკომპანიებს თვითმფრინავებს, არ ნიშნავს იმას, რომ რუსული და ბელორუსული ავიაკომპანიები შეწყვეტენ ფრენებს ამ ქვეყანაში. თურქეთში ფრენისთვის მათ შეუძლიათ გამოიყენონ რუსული ან უცხოური წარმოების ლიანერები, რომლებშიც ამერიკული კომპონენტების რაოდენობა 25%-ს არ აღემატება.