თურქეთი მეორე An-225 Mriya-ს დასრულებას განიხილავს. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბოლო მოლაპარაკებებზე ანკარაში, თურქულმა მხარემ გამოხატა ინტერესი მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის An-225 Mriya-ს მეორე  ერთეულის მშენებლობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კი  უკრაინის ვიცე-პრემიერმა, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლეგ ურუსკიმ გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya გაანადგურეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ.  FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა.

AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით  მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებელის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.